14053872_10154436973689108_7997388689061212986_o

გაიქეცი, გაიქეცი ჩემგან!

ჰაი.
მარიამი ვარ. არც ვიცი,მარიამი ვარ თუ არა ნამდვილად, მაგრამ კაი.
ყურადღების ცენტრში ყოფნა საუკეთესო კომფორტია ჩემთვის.
თვითონ დისკომფორტს უფრო ვგავარ. ხანდახან, ძალიან ბევრ უხერხულობას რომ ქმნის. ყველას გვაქვს ნაკლი. (ჰა-ჰა-ჰა)

რამდენჯერ გაწყენინე?!
რამდენჯერ გაგიცრუე იმედი?!
რამდენჯერ მენდე?!
რამდენჯერ გაიფიქრე, კარგი იქნებოდა, არც შემხვედროდი?!
რამდნჯერ გაგახარე?!
რამდენჯერ გაგაგდე?!
რამდენჯერ მიმიღე?!

ჩემი ნაწერები, ნუ, ზოგიერთი მოგწონს. ხედავ?! საკუთარ თავს ვერ ვცდები ხოლმე. ეგოისტი ვარ. შენც ასეთი ხარ, მაგრამ არ გინდა დაგეტყოს.
თორემ გულში – “კიდევ კარგი, მე არ დამემართა, გავაფრენდი”. “ღმერთმა დამიფაროს”.

და, ეს შენი ღმერთი როგორ დაიღალა?!
აი, უსმინე : https://www.youtube.com/watch?v=Qsvr_-NtDNE

გგონია, რაიმეში არ გაგიმართლა?!
შემთხვევით, იმასაც ხომ არ ფიქრობ რომ “მარიამს რა უჭირს, ცხოვრება აწყობილი აქვს?” . კაი , გთხოვ, ნუ დაემსგავსები ჩემს ნათესავებს, ახლობლებს. ოცდაოთხსაათიან რეჟიმში : მარიამ, შენ მართლა რატომ უნდა წუწუნებდე.

ნახე, რა საცოდავი ვარ.
კი, მართალი ხარ, მომწონს დეპრესიას რომ ღიას ვახვედრებ კარს.
გიკვირს, მაინც რომ ვუყვარვარ ადამიანებს?!
ალბათ, რამდენში ყალბ სულს ხედავ. კი, უმეტესობა, ალბათ.
მაგრამ დამიჯერე, მე პირადად , ისე მეზარება ვინმეს ტყუილად მივესალმო კიდეც.  და იცოდე, მართლა სულ კი არ მიჭირს მზერა, ხანდახან, ტელეფონს ამოვიღებ და ვცდილობ, ვერ დაგინახო. რა ვქნა, ასეთი ვარ.

ასეთი ვარ?!
ერთხელ დავწერე, დიდი დაცვის მექანიზმია-მეთქი.
ყველას გვჭირდება. მეც მაქვს. სხვათა შორის, კარგი რამაა. update-იც არ სჭირდება. ვიღაც დაგიჯერებს, ვიღაც არა.

სიყვარული ბევრჯერ მოდის.
რემარკმა ერთხელ, დანარჩენი -მოუსვენრობაა.
ჩემთვის ის პირველი უფრო იყო მოუსვენრობა, ვიდრე დანარჩენი.
ვიცი, ყველაფერი გახსოვს. გაატარე.. ფართო გზაა.

მე არამხოლოდ ბევრჯერ, არამედ მერამდენედაც შეგიყვარებ.
მე ყველაფერს გაპატიებ. მართლა. რა აზრი აქვს, ვისზე უკეთესი გამოვჩნდები რომ არ გაპატიო?!

შენ, ვერ?!
ალბათ, ჩემზე უკეთესი ხარ.

ყველას უყვარს კლასიფიკაცია. აი, რა გვღუპავს.
კარგი /ცუდი
უარესი / უკეთესი

საყვარელი პროცესი : ძილი.

მე შეიძლება თვალი გავახილო და თუ საკუთარ ფიზიკურ თავს ვერ დავეწიე გამოღვიძებაში, ფეხი არ მოვიცვალო და ასი ლექცია გავაცდინო.
შეხვედრები გადავდო, “ავად გავხდე”, “ტელეფონი დავკარგო”.

ადრე მიყვარდა სხვებისთვის გრამატიკული შეცდომების გასწორება.
ახლა თვითონ ვუშვებ ათასს. რა აზრი აქვს.

შენ როგორ ფიქრობ, ვგავარ ადამიანს, რომელიც თავს მოიკლავს?!
ოდესმე მომიწერია,რომ მინდა არ ვარსებობდე?!

არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ბედნიერი ვარ.
მეშინია. მეშინია. მეშინია.

სამაგიეროდ, მშიშარა ვარ. მომწონს.
შიში რომ არა, ალბათ, ბევრჯერ გადავხტებოდი საიდანმე.
შენი აზრით, ვინც გადახტა, ის უფრო მშიშარაა?!
შენი აზრია.

მე შემიძლია დაგარწმუნო, რომ ჭკვიანი გოგო ვარ.
მაგრამ ვერასდროს ვითამაშებ , საყვარელ გოგოშკას.

შეიძლება , მოგეჩვენოს რომ ვცანცარებ.
ვცანცარებ,მაშინ როდესაც ძალიან მიჭირს.

მე კეთილი ღიმილი მაქვს.
სულ მაინტერესებს ,მაქვს თუ არა სევდა თვალებში.
სარკეში ბევრჯერ მივარჯიშია სევდიან გამომეტყველებაზე.

არა, მხრიარული ვარ.
ვმღერი, ვცეკვავ, ვუკრავ, ვთამაშობ, ბევრი ჩემი პაროდია გექნება ნანახი.

იცი,როგორ დავიღალე?!
მე სოციალური ადამიანი. ზედმეტად.
და დავიღალე.

რა უნდა მთხოვო, რომ გვერდით არ დაგიდგე?!
არ ვიცი,სად უნდა იყო , რომ მითხრა მოდი და არ მოვიდე?!

ბეგბედერის არ იყოს, “როგორ არ დაგირეკო?!”
ბევრი წიგნი წამიკითხავს. ბევრიც მიმიტოვებია. ბევრიც უბრალოდ მიდევს.

სულ მგონია, ვინმეს ისე შევძულდები, მომკლავს.
ერთი ბიჭი გამოვიგონე ადრე, დარწმუნებული ვიყავი,რომ ჩემი ძმა უნდა ყოფილიყო. სანდრო.
ყოველღამით ადგილს ვუტოვებდი საწოლში. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და მეგონა, კიდევ არსებობდა მეორე შვილის პერსპექტივა ჩემს ოჯახში.

მაგრამ ასე და ამგვარად, ჩემებიც ვერ გასცდნენ ჩემს თავს, არა თუ მე.
არ გეგონოს, არ გიმახსოვრებ.
მე ყველაფერს ვიმახსოვრებ.

იცი, ხანდახან არავინ მწერს ხოლმე.
საერთოდ. მუნჯდება სამყარო.
აღარავის უნდა ლაპარაკი.
მე მინდა. მაგრამ აღარავინ ხართ.

მომწონს,რომ შემიძლია უსაშველოდ მოწყენილი ვიყო ან პირიქით.
არ მესმის,როგორ შეგიძლია გიყვარდე. ყველაფერს მპატიობდე და მზად იყო, ისევ იყო ჩემთან.

იმდენად განცდიანი გავხდი, ფიზიკური ტკივილები მეწყება, თუ ვინმესგან რაიმე მეწყინა.

მე მარიამი ვარ. არც ვიცი,მარიამი ვარ თუ არა ნამდვილად, მაგრამ…

რაღაცების მოგება მიყვარს.
სიამოვნებით მოვიგებდი, რაიმე ლიტერატურულ კონკურსს. ვინმეს რომ ესწავლებინა გამბედაობა, მეწერა ყველაზე ინტიმურ თემებზე ამ სამყაროში.
და რომ ჩემს ნაწერებს არ ეტყობოდეს, რაოდენ არასრულფასოვანი შემიძლია ვიყო.

არ ვეწევი. არ ვსვამ. თითქმის, ყველაფრისგან გაქცევა შემიძლია. საკუთარი თავისგანაც. მერე გაუცხოება მჭირს და ვტირი. ვტირი დღეში 2-ჯერ. დილით და ღამით.
არ ვვარჯიშობ. ისე, უბრალოდ, ასეთი სუსტი ვარ.
ყველაზე მეტად მიყვარს არაჟნიანი პური და მგონია, რომ საინტერესოდ ვცხოვრობ. ბევრი შემიძლია ვიყო.

შემიძლია თავიც მოგაწყინო. თუ უფლებას მომცემ.
თუ ძალიან ბევრს ვლაპარაკობ, ესე იგი, მიჭირს, შეგიძლია გამილაწუნო და მკითხო “რა მჭირს?”.

ყველაზე მეტჯერ “ბოდიში” და “არ შემიძლია” მითქვამს.
ყველაზე ცოტა – “შემიძლია”. (გულში სულ მაგას ვიმეორებ)

ზუსტად ვიცი,რომ არსად დავიკარგები.
მეტიც,რომ რამე ჰოლივუდშიც მიმიღებენ.
გეფიცები,ამის მართლა მწამს.

ზოგადად, რისიც ძალიან მჯერა – ამიხდება ხოლმე.
მართლა, ოღონდ უნდა ვიყო დარწმუნებული,რომ ვიმსახურებ.

მე მარიამი ვარ.
ის მარიამი, საკუთარ თავს რომ ვერ გასცდა. სხვა ადამიანშიც საკუთარ ნანგრევებს ეძებს და ერთობა.

მე გიმახსოვრებთ და ხანდახან, მართლა ძალიან მიყვარხარ.
აბა, სცადე და გაიქეცი ჩემგან.

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>