large (1)

მარტივად, თოვლი

…და მერე დიდი თოვლი მოვიდა ძალიან.
ისე დაუკითხავად,როგორც მაშინ – შენი თავი რომ მომაყენა კართან ცხოვრებამ.
დავიბენი. იმ მზის სხივებივით, ღრუბლებში რომ შეცურდნენ თოვლის მოსვლისას და არც უფიქრიათ ცხვირების გამოყოფა.
ჩემი საწოლიდან ფანჯარა არც თუ ისე შორია,მაგრამ სათვალე ახლოს არასდროს მიდევს. ჰოდა, გვიან გავიგე იმ თოვლის მოსვლა. შენს მოსვლაზე რომ არაფერი ვთქვათ.
მარცხენა ხელის ცეცებით მოვძებნე იატაკზე უგონოდ მიგდებული სათვალე და დავიმხე ჩემს, მუდმივი ბუზღუნისგან გასიებულ, ცხვირზე. გაჩეჩილი ავიზლაზნე და დამხვდა თოვლი -არისტოკრატულად წამოსკუპებული პალმებზე, სულ გაწოლილა ჩემი ეზოს სტადიონზე მთელი თოვლი. ამ თავხედს, საერთოდ არ დაუტოვებია ადგილი მზისთვის. უცებ, გამოვფხიზლდი.
თავში ორასმა აზრმა გამიელვა: დღეს არსად ვარ წასასვლელი, თუ რამე, შესაბამისი ქურთუკი მაქვს, არც ბატინკას ვუჩივი… მაგრამ ქალაქი ამბობდა : დაწექი, იძინე.

თითებით თუ შეეხები -ცივია, ლოყებით- ალბათ, დაგწვავს.
მერე ვსწავლობდი ფიფქების ყლაპვას. ბევრი წელი. არც დღემდე მბეზრდება.
ბევრი სენტიმენტი ახლავს იმ ჟრიამულსაც, რასაც თოვლი იწვევს. ვისხენებთ ბავშვებს, მოხუცებს, იმ სახლებს, სახლს რომ არაფრით ჰგავს. ცარიელ მაცივრებს, ჭერს,რომელიც ყოველ საათში კარგავს ჭერის სტატუსს. ამაყ აგურებს სიცივის გამოყოფის ნიჭი რომ უფრო აქვთ, ვიდრე სითბოს შენარჩუნების და ასე დაუსრულებლად.

თეატრში ცხოვრების უფლებას თუ მომცემდა ვინმე, დაუფიქრებლად დავთმობდი ჩემს სახლს, რომელიც ნაკლებად ჩემია ჯერ-ჯერობით.
ვიცხოვრებდი თეატრში. პროფესიონალურსა თუ მოყვარულში, რა მნიშვნელობა აქვს.
თეატრი თეატრია.
სცენა -იმდენი ამბავია. ერთი დამატებითი სიცოცხლე.
და ის სიჩუმე? თეატრის. მაინც რომ გესმის,რაღაც ხმა.  უჩვეული ხმაური. თუნდაც შენი, მერე იმ კულისებში ხედავ საკუთარ თავს როგორ იმალება, რომ იცის, თუ გამოჩნდა – სპექტაკლი ჩაშლილია. და ის გულის ფეთქვაც გესმის. შენი და არა-მარტო.

…და მერე დიდი თოვლი მოვიდა ძალიან.

და სანამ მოვიდოდა თოვლი
ვიწექი ჩუმად.
ერთმა ბიჭმა მითხრა, რა კარგი იქნებოდა, ლაპარაკი რომ არ გვჭირდებოდესო. ჩემი ნება რომ იყოს სულ გავჩუმდებოდიო.
არადა, ბიჭი იყო ისეთი, ფილოსოფოსი. ძალიან ბევრი ლაპარაკი უყვარდა. თუმცა ჩვენს ურთიერთობაში, იმ ჩუმ და უხმო მომენტებს ეტრფოდა, ვითომ რომ უსიტყვოდ ვსაუბრობდით.

თუმცა მერე დიადი სიჩუმით გაჩუმდა.

თოვლი მოვიდა.
მე აღარაფერი მქონდა სათქმელი და საბანში გავეხვიე.
დღე გამოშვებით დედაჩემი მიწურავს ფორთოხალს და მთხოვს, რომ გავიღიმო.
რომ აღარასდროს წამომცდეს “ცუდად ვარ,დე”
რომ აღარასდროს შემაწუხოს მუხლებმა.
რომ ახლა,როცა ასეთი თოვაა, მიხაროდეს და ვგუნდაობდე სადმე, იმ მეგობრებთან ერთად, რომლებიც არასდროს მყოლია.
თოვლი მოვიდა და მე ვწევარ. საბანში გახვეული. ხან შენზე ვფიქრობ, ხან ჩემზე.
უფრო ალბათ, საკუთარ თავს ვგლოვობ, გამწარებული.
ვიცოდებ, რადგან უკვე დედაჩემსაც აღარ აქვს ძალა, მიმიხუტოს. მითხრას, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ყველაფერი წინაა.
ყველაფერი წინ არის -მწერდა სალომე და მართლაც ყველაფერი წინ იყო-ჩემ გარდა.
სინამდვილეში იმდენად შორია, მოხედვაც არ ღირს. იქნებ, ჩემი კისრის სიგრძე არ ეყოს.

და მერე ვწერ,ასე არეულად.
გაუგებრად.
ერთადერთი escape ,რაც გამაჩნია თეატრია.
სხვა გაქცევა არ ვიცი,რადგან უკვე მუსიკაც თავს მაბეზრებს.
მბეზრდება ფილმები, წიგნები. მოსაბეზრებელი ადამიანები არც მყავს.
უკვე სიკვდილზე ფიქრიც მეძნელება.
ვდგები და ვალაგებ უჯრებს. ისე, როგორც ცხოვრებას დავალაგებდი.
თაროებზე ჩამოსვამდი ადამიანებს,
საკიდებზე იმათ, ვინც მატკინა. იმდენად, რომ ახლაც ბევრჯერ ვკარგავ საკუთარ თავს.
ჩემს ურთიერთობებს გადავწმენდდი ხშირად და ყველაზე ლამაზ ლარნაკში ჩავაწყობდი იმ ლამაზ შეგრძნებებს, რომლითაც მიყვარხარ.

…და მერე დიდი თოვლი მოვიდა ძალიან.
და ახლაც თოვს.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>