tumblr_njt17fp0tj1u649byo1_1280

მეშინია. შენ?!

ჩემეულ შიშებზე უნდა მოვყვე.

პირველი- დედის დაკარგვის იყო.
რაღაც ბუნებრივი, ინსტიქტივით.
მეცხრე სართულზე, მეზობელ ნათიას პატარა ასაკში გარდაეცვალა დედა. მაშინ ვერც ვხვდებოდი,როგორ უნდა განეცადა ნათიას ეს ამბავი, დაეტყობოდა თუ არა.. მაგრამ ღამით,ძილის წინ შუქს რომ მიქრობდნენ ,ძალიან მაგრად ვხუჭავდი თვალებს… კარგად ამეწვებოდა, მერე გუგები მისველდებოდა, ვფიქრობდი, დაახლოებით ასეთ სიმწარეს გრძნობდა ნათია-მეთქი.. მერე ნათიასთან განსაკუთრებულად ვმეგობრობდი, მგონი, უფრო იმიტომ,რომ ეზოში ამბობდნენ, ცოდოა, ობოლია, დღემდე ჩემი ბავშვობის ალბომებში ნათიასთან გადაღებული ძალიან ბევრი სურათი მაქვს. რომ წამოვიზარდეთ, ჩვენი ინტერესები ძალიან განსხვავდებოდა და დავშორდით, ისე თავისებურად, არც გამხსენებია მისი ობლობა… ნეტავ,ახლა როგორი გოგოა :)
დედაჩემი.
ახლა ცოტა სხვანაირი შიში მაქვს, უკვე ორივე კარგად ვიცნობთ სიკვდილს, ხანდახან, გვეშინია მე არ დამკარგოს. ისეთი დეპრესიულობა და სიზმრები მჩვევია, თან ისე გახშირდა ვერგამორკვეული სულების ავადობა…

არადა, “უფრო მეტი შეგეძლო- ღმერთო…” )

დანარჩენი, ქრონოლოგიურად არ მახსოვს.
მეგობრების დაკარგვის შიშს ,სამწუხაროდ, ძალიან შევეჩვიე. შემიძლია, მივესალმო, შორიდან ვუყურო და დავცინო, ვუთხრა ; გამარჯობა მეგობრის დაკარგვის შიშო, მე შენ ძალიან კარგად გიცნობ, შენ ვერაფერს გახდები ჩემთან. ჩემს დამოკიდებულებასთან იმ მეგობრების მიმართ, ვისი წართმევაც გწადია. მოდი და მიყურე თვალებში, ეს მე ვარ და არ მეშინია. ისინი მახსოვს ახლა და აქ, მემახსოვრრება მერეც და იქაც.
მე არც მეგობრების სუიციდის მეშინია.
მე იმის შიში უფრო მაქვს, ჩემს თავს რომ ვერაფრით ვაშველებ მათ.. ან რა შემიძლია მე, ამ უსამართლო სამყაროში, იმათ რომ აფიქრებინა ჩვენგან გაქცეულიყვნენ. არადა, ეს ის გაქცევაა, უფრო რომ გტოვებთ ჩვენში.

დღეს სხვანაირი შიშები მაქვს.
მე მიწის, ქარის,წყლისა და ცეცხლის მეშინია,უფრო…

სიშიშვლის შიში მაქვს.
მეშინია, რომ შეიძლება მოუწესრიგებელი მოვკვდე.
შიშველი მოვკვდე.
მეშინია მოვკვდე დაულაგებელ ოთახში. არეულ მაგიდაზე ტირილისგან მოვკვდე.
ბიჭების ჩხუბის მეშინია, მით უფრო წვიმაში.
მეშინია, რომ უცხო ადამიანების გარემოცვაში ავიაკატასტროფაში დავიღუპო.
მახსოვს, ფსიქოანალიზის ლექციაზე, სიზმრების შესახებ ვსაუბრობდით.
ლექტორს მოვუყევი, თუ როგორ ნათლად ვხედავ, საკუთარ თავს,გადარჩენილს უცხო ადამიანებით სავსე ავტობუსის გადაყირავებისას. არ არის ეგოისტური სიზმარი. ეს შენი გაუცხოვეება იმ საზოგადოების მიმართ,რომელშიც იმყოფი, იქნებ, სულაც ფუჭი ურთიერთობები გაქვსო…
პირველად რომ დავფიქრდი ამაზე, მერე მარტოობის შემეშინდა. ეს ის გენეტიკური შიში მგონია, სამყაროს დასაბამიდან ადამიანთა მოდგმას რომ მოსდევს. მაინც რატომღაც. ხანდახან, ვფიქრობ, ის ვინც ცდილობს მარტოობით იბედნიეროს, ამ ფაქტით,სწორედ, იმ მოვლენას ხომ არ უსწრებს ,რომ სამყაროში მარტოობისთვის არ გაიწიროს?!


რომ ახლა ოცდამეორე წელი დაიწყო ჩემთვის და ჩემი შიშებისთვის,რომლებიც პატარები ნამდვილად აღარ არიან. ხუმრობა ხომ არ არის, სულ ჩემს ხელებში, გონებაში და გულში გამოიზარდნენ.
აღარ მეშინია,რომ შეიძლება ვინმე თუ მივატოვე, ცუდად მოვექეცი, იმავე დამიბრუნდება მეც.
აღარ მეშინია, რომ შეიძლება ვინმემ მიმატოვოს, ცუდად მომექცეს, იმავეს არ დავუბრუნებ,ზუსტად ვიცი.

მეშინია, რომ ამდენი შიში მაქვს და ჯერ კიდევ რამდენ შიშს გავიცნობ.
მეშინია, რომ ჩემი ამჟამინდელი ყოველდღიურობა შეიძლება მთელი ცხოვრება გახდეს.
მეშინია, რომ ჩემი წარსული მუდამ ასე მახლობლად ისეირნებს ჩემს აწყმოსთან.
მეშინია, რომ ვინმეს ვაიძულო შემიყვაროს ან პირიქით – მივცე ნება, ვერ მიტანდეს.
მეშინია, მეშინია ვიყო ოცდასამი წლის მერეც ამ გუნებაზე და ახალგაზრდული ოინებიდან ვერ გამოვიდე.
თუმცა ზრდისაც მეშინია, რომ ერთ დღეს, შეიძლება, ყველაფერი კარგად მქონდეს. მშვიდი გამომეტყველება, ნორმალური სამსახური, ნაპოვნი საკუთარი თავი. რამდენადაც ვისწრაფვი სიმშვიდისკენ, ყოველდღიურად ვცდილობ -გავცდე. მეშინია,ნორმალური ცხოვრების. მეშინია, სხვების დაგეგმილი ცხოვრება ამიხდეს. რადგან მე უფრო მეტი მინდა, ვიდრე ამას შეიძლება “შემდგარი ცხოვრება” ერქვას.
უფრო შორს, უფრო შორს.
მეშინია, რომ პროტესტის გრძნობა არასდროს გამიჩნდება, რომ ახლა ყველაზე ინდეფერენტულად ვიქეცი გარემოებების და ადამიანების მიმართ.
რომ ვერასდროს მეყოფა დრო და ვერ მოვასწრებ სათქმელი რომ ვთქვა.

მაგრამ ერთადერთი შიში,რომლისაც არ მეშინია – ვიყო საკუთარი თავი. ასეთი,ისეთი,უკეთესი,უარესი. ოღონდ, საკუთარი თავი.

და მე?!
/”..მეც შიში ვარ
შენს მშვიდ ცხოვრებაში შემოჭრილი და მოწანწალე
სიყვარულს რომ გეჩურჩულები
სიყვარულს რომ გეუბნები
სიყვარულს რომ ვყვირი
შენი ყველაზე დიდი შიში
რომელსაც ძილში, საწოლის მეორე მხარეს ხელით სინჯავ
და გამშვიდებს..”/

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>