პარიზი / Merci-Pardon (ცოტა პარიზზე, ცოტა შენზე)

Иллюстрация“განსხვავება პარიზსა და მამაკაცს შორის?
პარიზი ყოველთვის პარიზია !”

არ ვიცი რა და როგორ უნდა დავწერო პარიზზე.
ბევრისთვის საუკეთესო და საყვარელი ქალაქია : მე კი სულ აღვნიშნავ, რომ ძალიან არ მიყვარს.
თუმცა არა, მე ვიცი.
არის ერთი მიზეზი, რის გამოც პარიზული საღამოები ძალიან მენატრება.
შეიძლება მეტიც , მაგრამ ერთი რომ არის – ეს ზუსტად ვიცი.

ჩემს ცხოვრებაში პირველა ფრენა : თბილისი – პარიზი.
წინა ღამით, რა თქმა უნდა, არ მეძინა. ვიცოდი, რაღაც ძალიან დიდი ხდებოდა… არ მოგატყუებთ და არ გეტყვით,  ბავშვობის ნატვრა და ოცნება მისრულდებოდა-მეთქი, მაგრამ ერთი კი ვიცოდი : ეს მოგზაურობა , ჩემს  პროვინციულად მოხუფულ მსოფლმხედველობას ოდნავ მაინც დაატრიალებდა.
არა, პრინციპში კიდევ ვიცოდი : ჩემს უინტერესო ჩვიდმეტ წელიწადს მოპოვებული ექნებოდა ესოდენ საინტერესო კვირის ამბები, უფრო მეტი მექნებოდა მოსაყოლი. უფრო მეტს მკითხავდნენ. პარიზი ხომ ასეთ მიუწვდომელ ქალაქად რჩება და რჩებოდა ბევრისთვის. მე კი ამდენად გამიმართლა,  გასრულწლოვნებამდე მიწევდა მისი მონახულება… ევროპული ასფალტის მტვრით კედების გასვრა, მოდურ გოგო-ბიჭებზე დაკვირვება და თერთმეტი წელი სკოლაში ნაწვალები ფრანგულის გამოყენება.
ახლა უკვე აღარავინ მომატყუებდა ეს ქალი ფრანგია, ქართული არ ესმისო, დაელაპარაკეო. (ხშირად გვეუბნებოდნენ ასე.. ქალი ხშირად უბრალო ფრანგულის მასწავლებელი აღმოჩნდებოდა, მაგრამ შესანიშნავი ფრანგულით და ფრანგული მანერებით ახერხებდა ჩვენს გაშტერებას).. ისე ფრანგებსაც შევხვედრილვართ სკოლაში, მაგრამ ერთმანეთის უკან ვიმალებოდით ხოლმე, ვინ გაბედავდა ხმის ამოღებას და ვაი თუ, შეცდომა რომელიმეს დაგვეშვა.. დაიწყებოდა, როგორც ხდება-ხოლმე :))
მაგრამ ერთი მეგობარი მყავდა სკოლაში, სხვებისგან განსხვავებით გაიჭრებოდა ხოლმე წინ და ცოდნას აფრქვევდა… მაგარი ბიჭი იყო, ჩვენამდე იყო პარიზში ნამყოფი, მაგრამ ჩვენდა გასაოცრად ასე თქვა : მაგრად დავიღალე ერთი,რა მახსოვს სად ვიყავი. ცუდი არ იყო, მაგრამ ბავშვებთან ერთად მაინც სხვა გემო ექნებოდა, ალბათო. მიკვირდა, გულწრფელად.  ერთი თეთრი არ დაუხარჯავს იქ, ყველანაირ კომფორტში გაატარა არდადეგები და უკმაყოფილოა რაღაცნაირად , რა უჟმურია-მეთქი.

აი.. 2011 წლის ივლისში კი უკვე ჩემი მეგობარი, ჩვენთან ერთად მოდიოდა საფრანგეთში.
პირველი ფრენა : თბილისი-პარიზი.

თვითმფრინავში ბევრს ვიცინოდით, ფოტოებს ვიღებდით (არც კი ვიცი, იმ ფოტოებს მერე რა ბედი ეწია. ნაკლებად ვინტერესდებოდი მაშინ მნიშვნელოვანი მომენტების ფირზე აღბეჭდით) თვითმფრინავში შევხვდით პატარა ბავშვებს, რომლებიც გაუჩერებლად აწკაპუნებდნენ პლანშეტურ კომპიუტერებზე. მაშინ არ ვიცოდი ეს უსაშველოდ დიდი ტელეფონები რატომ არ გამოართვევინეს ბავშვებს და მე ჩემი ბედკრული თეთრი ნოკია გამათიშინეს , მუსიკასაც კი ვერ მოვუსმინე. ძალიან დამწყდა გული. ფილმებში მქონდა ნანახი : მოგზაურობისას ნაუშნიკს არც იხსნიდნენ… მინდოდა “Amies Ennemies” მომესმინა და წარმომედგინა რომ ჩემი ფილმის soundtrack მთელს დედამიწაზე გამაყრუებლად ისმოდა…
სანამ მე გული მწყდებოდა (ანუ სამ საათნახევარი) , კი დასრულდა ფრენა.
ჰო, აი , ამხელა აეროპორტში ნამდვილად ვერასდროს წარმოვიდგენდი საკუთარ თავს.

ქუჩაში რომ გამოვედით… განსაკუთრებული არაფერი მიგრძვნია.
მივდიოდით , მიკვირდა.. მივდიოდით და მიკვირდა : და ეს არის პარიზი?
მერე ჩემი მეგობრის სიტყვები გამახსენდა და გავიფიქრე : არა,მეც ნამდვილად უჟმური ვარ.
მერე..
ბევრი ტრანსპორტი გამოვიცვალეთ სასტუმრომდე.
ძალიან, ძალიან დაღლილი ვიყავი და ნამდვილად არ მქონდა ძალა ხალხს დავკვირვებოდი, მაგრამ უცებ, ვიგრძენი რომ ამათთან დრო ძალიან სწრაფია. დაკვირვებასაც ვერ ვასწრებდი, ისე სწრაფად გადაადგილდებოდნენ. მეტროდან ათასი ბგერა ისმოდა, სხვადასხვა ინსტრუმენტების. გიტარა ჭარბობდა, კი.
მაგრამ არაფრის გაგონება მინდოდა, ტელეფონი ჩავრთე და მუსიკა : Volume 100. ( Louise Attaque – Les nuits parisiennes) .. ჰო, ნამდვილად უხდებოდა ჩემს ფილმს.

აუ, დედაჩემი მენატრება – გავიფიქრე და უცებ.. გამახსენდა, ცამეტი წლის კართან აწურული მარიამი, რომელიც ლეკვივით ითხოვდა , გარეთ გაეგდოთ, კლასობანა ეთამაშა, ფარეხის სახურავებზე ერბინა მუხლების გადაყვლეფამდე, მოედნებზე სალტოები ეკეთებინა იდაყვების გადატყავებამდე, ეზოს ბიჭებში ერთადერთ გოგოს ეთამაშა ფეხბურთი გოლების გატანამდე , სტადიონიდან გამოსულს იქნებ ვინმეს მიერ გამოსროლილი ქვაც მოხვედროდა საფეთქელთან შემთხვევით, ეტირა , მაგრამ მაინც გარეთ ერჩივნა მარიამს. დამალვოდა ათის დათვლამდე ბავშვებს ან უსასრულოდ გაჰკიდებოდა მათ – დაჭერამდე. ჰო, გარეთ უნდოდა.. საიდუმლო სარდაფებში, ღია ცის ქვეშ სახურავებზე ან ველოსიპედით გადაკარგვა და მდინარეებზე გადასვლა რაღაც გაურკვეველი გამძლეობის ტრუბებით. ოჰ.. რამდენჯერ მინატრია, ნეტავ, სულ წავიდე ამ სახლიდან , სადმე შორს, უცხო ქვეყანაში, სადაც ვერ დამიძახებთ, ვერ დამირეკავთ, ვერ მიპოვით, ვერ გამაგზავნით მაღაზიაში და მერე არ მომიწევს გატეხილი ლიმონათის ბოთლებისთვის, უყურადღებოდ და უსაფრთხოდ ვერმოტანილი ათი კვერცხისათვის. ვერ მიყვირებდეთ რომ ცამეტი წლისას ჯერ კიდევ ვერ გამირჩევია ქინძი და მაკიდო ერთმანეთისგან, რომ ახლაც თითები მეგლიჯება როდესაც ვცდილობ პომიდორი დავჭრა ან კარტოფილი გავთალო…

არა, არა ! ნამდვილად გამიმართლა. არც არავინ მენატრება.
ახლა მე მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალაქში ვარ , წესით და უნდა მიხაროდეს.
არ მახსოვს, როგორ გადიოდა დღეები.
ვბოდიალობდი მუზეუმებში. არასდროს მიყვარდა მუზეუმებში და ყოველთვის ბოდიალი ჰქვია იმას, რასაც მუზეუმებში ვაკეთებ-ხოლმე..  მაგრამ ვიღაცისთვის ეს არის რაღაც არაამქვეყნიური – ლუვრის მუზეუმში ბოდიალი. რა მაგარია , არა ?!  არა, არა, გეფიცებით მაგარია.  ვერსალი ? აი, ვერსალის ბაღში კარავს დავდგამდი და ვიცხოვრებდი. ვერსალის სარკეებში გადაღებული Selfie მეზობლის ნათხოვარი ფოტოაპარატით ყველაზე ძვირფასია, რაც გამაჩნია ჩემი ფოტოების არქივში… ნაყინები ვჭამეთ მახსოვს და “გასწრობანას” ვთამაშობდით. ვიდეოც არსებობდა სადღაც, მაგრამ ეგ არაფერი.. მე ხომ მახსოვს, მე ხომ მახსოვს. კისერი კინაღამ მოვიტეხე ჩემი მაგარი მეგობრისთვის რომ მიმესწრო დანიშნულების ადგილამდე.

არასტანდარტულად როგორ უნდა დაწერო პარიზზე?! არ ვიცი.
აი, იმ საოცარ სასაფლაოზეც ვიყავით. ჯიმ მორისონიც ვიხილე და ბალზაკიც. ედიტ პიაფს ვერ მივაგენით.
ბათუმის სიდიდის სასაფლაოა პერ ლა შეზი… მთელი avenue-ებით და ცარიელი საფლავებითაც კი. ჩემი მაგარი მეგობარი მეუბნებოდა : იცოდნენ მოდიოდი და ადგილიც გაგიმზადეს მგონიო :)))

ეიფელის რიგში ძალიან დიდი ხანი ვიდექით.
კიბით ავედით და საშინლად მტვრიანი საფეხურები ჰქონდა.
რომელიღაც სართულზე შევჩერდით, მაღაზიებს ვათვალიერებდით ..
“მორთი აშო , გივი” – რომ გავიგონე, გეფიცებით სუნთქვა შემეკრა. შუაგულ პარიზში, შუა ეიფელზე.. ქართველები..
თორმეტ ევროდ ვიყიდე უსაყვარლესი, პარიზული ქოლგა, რომელიც დედაჩემს ორი კვირის უკან , რომელიღაც სამარშუტო ტაქსში დარჩა და იმით მამხნევებს, სამაგიეროდ ასეთი ხომ ერთადერთია ბათუმში და თუ ვინმეს დავუნახეთ ეგრევე ვიცნობთო :)) რა საყვარელია..

აი, ყველაზე მაგარი იყო Disney Land.
თუ გსურთ დაბრუნდეთ ბავშვობაში და აიხდინოთ ყველა იმდროინდელი ზღაპრული ოცნებები, მაშინ პარიზული დისნეი ლენდი ნამდვილად თქვენთვისაა. ძალიან ბავშვური (შიგადაშიგ ცოტათი საშიში) ატრაქციონებით და საღამოობით დისნეის გაცოცხლებული გმირების მარშით.
მე და თარაშს ჩაგვეძინა, მახსოვს. კარგად მახსოვს, როგორ მივითიშეთ კოსმოსურ ატრაქციონზე ორჯერ ჩამოსრიალების მერე. ამიტომ, საღამოს ზღაპრული მარშის ნახევარზე მეტი გამოვტოვეთ :))

ჰო, იმედს არ ვკარგავ, რომ ისევ მოვხვდები იქ.

პატრიოტიზმა რომ შემოგვიტია, გავიხსენეთ ლევილი და გრიგოლ რობაქიძე.
მაგრამ ქართულმა სიზარმაცემ უფრო გვძლია და ფეხით იქამდე მისვლა დაგვეზარა.

(აქვე: გრიგოლ, მოვალ შენს საფლავთან , აუცილებლად ! )

ბევრი შავკანიანი, უამრავი ქურდობა ქუჩაში, მტვრიანი ქუჩების ეიფელის ტერიტორიის იქით და ხუთ წუთში დათვალიერებული ტრიუმფალური თაღი.. ყველაზე დაუვიწყარი Montmarte და Basilique du Sacre-Coeur  იყო.

თუ გინდა გაიცნო პარიზი, უნდა ახვიდე მონტმარტზე.
ცოცხალი მუსიკა , არ დამავიწყდება ქუჩის მუსიკოსებთან შესრულებული ჩემი Hey Jude. ჩემმა მაგარმა მეგობარმა მიბიძგა, იმღერე , შენ ხომ მაგარი ხმა გაქვსო. აქამდე არც ვიცოდი, ასე თუ ფიქრობდა ჩემზე..

ჰო, ბევრი ვიმღერე..
იმ დღის მერე ყველა კომპლექსი მომეხსნა, რაც ხალხში სიმღერას უკავშირდებოდა.. დღემდე ვმღერი.

პოსტის დასაწყისში აღვნიშნე, არის ერთი მიზეზი, რის გამოც პარიზული საღამოები ძალიან მენატრება-მეთქი.
ჩემი ძალიან მაგარი მეგობარი შემოიპარებოდა-ხოლმე ჩვენს ნომერში და სულ შენიშვნას მაძლევდა, ასე ადრე რატომ იძინებო. ერთხელ ლუდისგან გათიშულს ჩემს გვერდითაც ჩასძინებია, დილით ვიწამე რომ ნამდვილად არსებობს მეგობრობა – როგორც ასეთი.
პარიზული საღამოები, სწორედ ჩემი ძალიან მაგარი მეგობრის გამო მენატრება.
არასდროს დამავიწყდება, როგორ გვთხოვდა მე და თარაშს, ჰო, აი , რომ ჩააბაროთ საფრანგეთში და ერთად რომ ვიცხოვროთ , ნამდვილად მომინდება საზღვარგარეთ სწავლაო. ისე, მარტო.. არ მინდაო. ბევრს ვგეგმავდით, ჩვენ, დისტანციური სწავლებით ვსწავლობდით ტულუზის ერთ-ერთ კოლეჯში ყველა სასკოლო საგანს ფრანგულად. სწორედ, ამ პროგრამით გვინდოდა პარიზში ჩაბარება. უნივერსიტეტი – სორბონა, რა თქმა უნდა.

ჩემს ძალიან მაგარ მეგობარს, რომ სცოდნოდა ბელგიაში ვცხოვრობდი, უთუოდ ჩემი trip-ებიდან , რომელიმეში შემომიერთდებოდა. მაგრად დამცინებდა რომ ამსტერდამში არ მოვწიე. კიდევ ბევრჯერ წამოვიდოდით პარიზში და ბევრს ვიცინებდით ერთმანეთზე. ჩემი ძალიან მაგარი მეგობარია მიზეზი რის გამოც ერთდროულად არ მიყვარს და ვგიჟდები პარიზზე.
სადაც ყოველთვის მომინდება დაბრუნება ჩემს მაგარ მეგობართან ერთად და არასდროს მოვინდომებ მარტო იმ ადგილების მონახულებას , რაც ოთხი წლის წინ ვნახე. ვიკარგებოდით ძალით, რომ თავგადასავლები გვქონოდა. ვიყავით სადღაც ტომსა და ანიკას შორის. გვიხაროდა რომ ფრანგებს ქართული არ ესმოდათ – დისნეი ლენდის რიგში მდგომნი ყველა მაგარ გოგო-ბიჭს ვჭორავდით და საღამოს ბევრს ვიცინოდით ამაზე.

პარიზზე არასტანდარტულად?!
არ ვიცი.
მე ნიკუშა მენატრება პარიზში და ის გიტარის მაღაზია, თვითონ რომ დაუკრა.

ვერასდროს ერთად , მაგრამ მარტო ვიმოგზაურებ და ვიცი, რომ ყოველთვის იამაყებდა ჩემნაირ მეგობარში რომ გაუმართლა. ბევრჯერ მითქვამს, თუ ჩემთან მეგობრობის გამო ვინმე.. აქ სულ მაჩერებდა და მაფრთხილებდა შენ ხარ ჩემი ერთადერთი და სიტყვით მეგობარიო. ჰო, ხანდახან იტირე, მაგარიაო. იმაზე არ იტირო, რომ ტირი ხანდახან და ეს გტკივაო.

ბევრისთვის საუკეთესო და საყვარელი ქალაქია : მე კი სულ აღვნიშნავ, რომ ძალიან არ მიყვარს – ვიტყუები.
სასტიკად თან.
ჩემი მასტერი მანდ იგეგმება. სორბონაში.
მჯერა, გამიმართლებს.
..

განსხვავება პარიზსა და მამაკაცს შორის?
პარიზი ყოველთვის პარიზია !

როგორიც არ უნდა იყოს, ჩემთვის, შენთვის , სხვისთვის, დანარჩენებისთვის..
მაინც პარიზია.
..და ყოველთვის :)

ჩემთვის კი,პარიზი – ეს არის Merci-Pardon_ის ქალაქი.

2 thoughts on “პარიზი / Merci-Pardon (ცოტა პარიზზე, ცოტა შენზე)

  1. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.. (სანამ პაპიძე დაწერს)
    .. ლავიუ ძეტკა :-*

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>