შარშანდელი სექტემბერი

“რა კარგი იყო შარშანდელი სექტემბერი უცხო ქალაქში
და უცხო ხალხში ; უცხოც არა, სხვანაირ ხალხში.
ვიწრო ქუჩებს მიყვებოდი, ფარდულებით აჭრელებულ
ხმამაღალ ქუჩებს
და გიხაროდა, რომ ვერავინ გეტყოდა, “შენ ხარ”.
აღარც ენა, აღარც ღმერთი, არავისთან არაფერი გქონდა საერთო
და ჰაერიც სავსე იყო შენი სახელებით:
ნებისმიერს დაირქმევდი
ან პირიქით – არ დაირქმევდი,
ვინც გინდა თუ ვინც არ გინდა, ის იქნებოდი
(უსახელო და არავინ ისეც იყავი)
და შენ წინ იყო ათასი გზა,
ათასიც და ათიათასიც,
მაგრამ არსად და არასდროს არ ყოფილხარ
ისე მართლა შენი თავი,
როგორც იქ,
მაშინ”

ზ.რატიანი

10613854_828488953862911_1641253186_n

– გზა მშვიდობისა!

ჩვეულებრივი დილა, პრინციპში, ჩვეულებრივი ბედნიერი დილა. სიყვარულით და სითბოთი სავსე გულით, აციმციმებული და ბედნიერებისგან დაწვრილებული თვალებით, სიხარულისგან აცანცარებული მუხლებით და მოუსვენარი ხელებით , რომ აღარ იცი რა სიძლიერით მოხვიო, ჩაეხუტო და უთხრა : არავინ მყავს შენზე უფრო, მეტად და ძალიან. აი, ასეთი დილა იყო, ზუსტად მახსოვს.

დაწვრილებით მოყოლის სურვილი მთლად არ მაქვს, არის რაღაცები რაც შენთვის გინდა დაიტოვო. ჰოდა , ამ ნებას გამოვიყენებ და თან ასე უფრო ნაკლებად გადაგღლით.
არ ვიცი, ჩემი ცხოვრების ამ დღეს რომელი სიმღერა მოუხდება soundtrack-ად.. მაგრამ იმ დღეებში Big jet plane მქონდა აკვიატებული, რატომღაც. თან მართლაც ზედმეტად დიდი და რეაქტიული გადაწვეტილება იყო მიღებული თითქმის ჩემ მაგივრად.

დედაჩემის დაჟინებული თხოვნა იყო გაცვლითი პროგრამის მიერ ყველა ის შემოთავაზებული უნივერსიტეტის აპლიკაცია შემევსო, სადაც კი ჩემი სპეციალობით მოხვედრის შანსი მექნებოდა. მტკიცე დაპირება მივეცი, მაგრამ რა თქმა უნდა, არ შევასრულე. ჩამონათვალში იყო იტალია, ესპანეთი.. ბელგია უფრო მხიბლავდა, ჰოდა, ავდექი და მხოლოდ ერთ უნივერსიტეტს მივანდე ჩემი ბედი. თუმცა ორ სხვადასხვა პროგრამაში. (Webb, Euroeast – Universiteit Gent)
Deadline-მდე რამდენიმე წუთით დავასრულე აპლიკაციების შევსება და მერე უკან არც მიმიხედავს. თქვენ წარმოიდგინეთ არც დღეები დამითვლია და იმასაც ვფიქრობდი, კარგიც იქნება, სულ ნუ მიმიღებენ-მეთქი.

მგონი, ხანდახან ძლიერი სურვილების საპირისპიროს ჩაფიქრებაც მაგარია :))) მაგრამ მე მტკიცედ მჯერა : “Once you make a decision, the universe conspires to make it happen”  ^^

ჰოდა, ასე აღმოვჩნდი უცხო ქვეყნის , უცხო ქალაქში.
გაფრენამდე რამდენიმე წუთით ყველა ერთგული მეგობარი და ახლობელი შეიკრიბა ჩემს ირგვლივ და გზას მილოცავდნენ სიხარულით, ცოტა სევდით, მეტი ტკივილით, ზოგიც უკვე ყელში მომდგარი მონატრებით, მოლოდინით და ბევრი ბევრი ღიმილით. სევდიანი მზერაც მახსოვს და დათუნას “ჩხაკ”- ფონად რომ გზა მშვიდობისა მაქვს ზემოთ თან დართულ ფოტოზე.  ძალიან მიჭირდა წარმოდგენა, რომ გავიღვიძე ჩემს თბილ ბათუმში და დაძინება აბსოლუტურად სხვა გარემოში მომიწევდა, მაგრამ თურმე ჯერ სად ხართ.
ვისაც ჩემი ფრენის და სტამბულის აეროპორტის ამბავი ძალიან ახალისებს აი , იმათთვის თან ჩავურთავ ჩანაწერს… ეს დაიწერა ბელგიაში ჩაფრენიდან რამდენიმე საათში , გენტის ერთ-ერთ ძალიან კარგ კაფეში.

თუ თქვენ ხართ ჩემსავით ციცქნა , საყვარელი გოგო და არასდროს დაკარგულხართ (მით უფრო – არ ჩარჩენილხართ) მსოფლიოში ერთ-ერთ უზარმაზარ (სტამბულის) აეროპორტში… თუ არასდროს მოუტყუებიხარ სიმპატიურ თურქ ტიპს საპასპორტო კონტროლში , თუ არასდროს აგირია თავ-გზა და არ გაგიშვა სხვა Gate-ში))) თუ არასდროს გირბენია ემოციური ცვალებადობით აეროპორტში და გიძებნია (თვალებით) დედაშენი, რომელსაც უკვე ბრუსელისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჰგონიხარ, დარწმუნებულია რომ 1 საათში ინტერნეტში შეხვალ და მიწერ , უბრალოდ “ჩავედი” …. თუ არასდროს ჰყოფილხარ რუსი დედა-შვილის თარჯიმანი თურქებთან , თუ არ შეგხვედრია 3 მეგრელი ბიჭი მგზავრთა მოსაცდელში და გიცინია ანეგდოტებზე. თუ არასდროს დამუქრებიხარ Turkish Airlines-ს , რომ უჩივლებ))) თუ არასდროს მოგითხოვია ბილეთის შეცვლა უფასოდ, მეორე დილით რეისისთვის და ამავდროულად არ უხვეწნიათ სასტუმროში დარჩით ქალაქშიო.. თუ არასდროს მჯდარხარ 24 საათი აეროპორტში, თავქვეშ ზურგჩანთა , ხელებში აპარატის ჩანთა, ზურგს ლეპტოპის ჩანთა გიმაგრებს)) ათასნაირი კომბინაცია რომ გემრიელად იძინო რბილ 2 ადგილიან სავარძელში , თუ არასდროს შესწრებიხარ როგორ ყვირის თურქი ქალი შუა აეროპორტში უაზროდ… თუ უფასოდ გამოცვლილი ბილეთით დილით 06:50ზე ზომბივით არ ასულხარ თვითმფრინავის ტრაპზე, თუ არ გიძინია მთელი 3 საათის განმავლობაში (ანუ რეისის) თუ არასდროს გაგიცვნია ბელგიელი გოგონა თვითმფრინავში, თუ არასდროს დამეგობრებიხარ კენიელ ბიჭს იმისთვის, რომ უნიში მშვიდობით მიგიყვანს (არადა, ისეთი სახე ჰქონდა, ჩემი მტერი მინდობოდა მაგას) , თუ არასდროს მჯდარხარ ბრუსელიდან გენტისკენ მიმავალ მატარებელში 4 სკამზე, თუ არასდროს გისაუზმია Railway Station-ზე და დაგილევია კოლა , რომელიც უეჭველი Rachid-ს უნდა გაუზიარო :))) – თუ არასდროს … – არ გიცხოვრია :))) არ ვიცი , გენტია თუ ველო-სამყარო heart emoticon კაფეში ვზივარ, ვისმენ Radiohead – Exit Music-ს და ვფიქრობ… რომ გამიმართლა !

ვპოსტავ ბედნიერი მე , Cafe Vooruit -დან. კარგად ვარ. გისურვებთ წარმატებებს !”

ხშირად მწერდნენ, როგორ ხარ.. ფოტოებით და ადგილმდებარეობის ცვალებადობით საკმაოდ ბედნიერი ვჩანდი. არ მოგატყუებთ, იყო ეს მომენტებიც. მაგრამ შეგრძნება , რომელსაც ვერ ვიშორებდი : ვდგავარ უცხო ქალაქში, ისევ გახევებული საკუთარ სურვილებსა და თავს შორის.. ისევ არ კარგავდა აქტუალობას.

არ მახსოვს რა სისწრაფით მოვერგე ბელგიურ ამინდებს, სიცივეს, მაღალ ფასებს, ათასი ევროთი გატენილ ჯიბეებს თუ ხუთი ცენტით გაწელილ დღეებს, მაგრამ რეალობა იყო ერთი : მე გამიმართლა.
გამიმართლა რომ მოვხვდი იქ, ზურგს და ჯიბეს მიმაგრებდნენ მშობლები, ემოციურად მამხნევებდა ერთი ძალიან კარგი ადამიანი, კოპმლიმენტებით მანებივრებდნენ მეგობრები და შთაბეჭდილებებს ვაგროვებდი თითოეულ ნაბიჯზე.

ქუჩებში ხშირად ვღიღინებდი wake me up when September ends.. სექტემბრის დასრულებას კიდევ ბევრი აკლდა… და ვერც სინათლეს ვხედავდი გვირაბის ბოლოს. მეტი სიბნელე, მუქი ფერი და სევდა იყო.. წვიმიანი ტროტუარებით ვერ ვერთობოდი.. როგორც აქ, ჩემს ბათუმში. არც გუბეები დგებოდა და ვერც საკუთარ თავს ვხედავდი რომ სიმაღლეში გავჯიბრებოდი.

პირველი დღე უნივერსიტეტში თითქმის არ მახსოვს. ისეთი კადრია : გაblurული რომ არის ირგვლივ და ფოკუსში მხოლოდ შენ ხარ დიდი ჩანთით, ლურჯი ბატინკით, ლურჯი ქურთუკით, ყვითელი ყელიანი სვიტერი გაცვია და ჯინსებში სიცივე რომ გიმტვრევს მუხლებს. მახსოვს, welcome day ზე კარგად ვჭამე. გემრიელი ნამცხვრები და შოკოლადები იყო. მუცლის გაბერვამდე ვსვამდი ფორთხოლის წვენს და ყურებამდე ვიღიმოდი, არავინ მიცნობდა, არავინ მირეკავდა როდის მოხვალო, გამაყრუებელ ხმამდე მქონდა მუსიკა ჩართული და ყველა თბილად მიყურებდა. ეს მაბედნიერებდა. უცხო ხალხის, უცხო მაგრამ მაინც მანუგეშებელი სითბო, თითქოს. ინტერნეტს ვერ ვიჭერდი და ეს ფაქტი მამწარებდა. ოფიციალურად არ მქონდა გავლილი რეგისტრაცია და ათას კოდს მთხოვდა wifi.. მერე გიგანტურ დარბაზში შეგვიყვანეს ყველა. ისეთი პატარა ვიყავი ამ აუდიტორიასთან შედარებით, ძალიან მეცინებოდა. ადგილი მარტივად ვიპოვე. ერთმა პოლონელმა ბიჭმა გენტის უნივერსიტეტის პულოვერი მაჩუქა. არ ვიცი, რატომ… მერე  ლექცია ჩაატარეს, როგორც ხდება ხოლმე. არ მოგატყუებთ, არაფრისთვის მომისმენია. განა არ მაინტერესებდა, არა. პირიქით. უბრალოდ, კონცენტრირებას ვერ ვახდენდი. ნუ არ შემეძლო. პირდაღებული (ალბათ) ვათვალიერებდი ამდენ სხვადასხვა ტიპაჟს, ძალიან ფრთხილად გავაპარებდი ხოლმე ერთი და იგივე ადამიანს რამდენჯერმე მზერას. არ მინდოდა ეგრძნო , რომ ამდენჯერ შევხედე. თან ჩემი მხედველობის გადამკიდე, პირველივე დათვალიერებაზე ვერ ვაფიქსირებ ყველა დეტალს. ეს კი მე ძალიან მჭირდება-ხოლმე. მიყვარს დაკვირვება. სხვანაირად არ შემიძლია. ხანდახან, ძალიან უზნეოდ ვიცი მიშტერება, მერე ათასხუთასი ეჭვი ებადება ამ ადამიანს… მაგრამ უბრალოდ, მავნე ჩვევაა.

ამ ერთ პოსტში არ ამოვწურავ ყველაფერს. ვერც. უბრალოდ, შარშანდელმა სექტემბერმა შემახსენა თავი. ეს დღეებია არ მასვენებს და უნდა დამეწერა.
ეს შარშანდელი სექტემბერი უკვე ძალიან შორს არის. ხანდახან დამიქნევს ხოლმე ხელს, თვალსაც მიკრავს, არ დამივიწყოო. ჰო, არ ვივიწყებ და მეც ვუღიმი სევდანარევი სიხარულით. მაინც ჩემი სექტემბერია. ასეთი შორი, უბრალო და ხანდახან ძალიან უცხო :)

2 thoughts on “შარშანდელი სექტემბერი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>