15781328_907464419384601_6042794698343155564_n

* * *

უნდა მაპატიო;
ვერ დაგიძახე.
ვერ მოგწერე.
ვერ დაგირეკე.
ვერ შეგხვდი, თუნდაც შემთხვევით,
სადაც წინასწარი გაწერილი სცენარით,
მე შენ თვალი უნდა აგარიდო
და უფრო მეტიც,
საერთოდ, მარცხნივ გავიხედო
(მარჯვენა პროფილი უკეთესი მაქვს).

უნდა მაპატიო;
თავსაც ვერ გაბეზრებ,
არც იმ ეზოში ვტრიალებ,
არც იმ ავტობუსით ვმგზავრობ
და უფრო მეტიც,
ვცდილობ ქუჩაში ნაკლები ვიბოდიალო,
შენთან შეხვედრის პერსპექტივებით
თავი არ გამოვიჭედო.

უნდა მაპატიო;
არც იმ მუსიკით ვიხანგრძლივებ დღეებს,
არც იმ ლექსებს ვკითხულობ დიდი ინტერესით,
და მეტიც,
აღარც უძილობა მაწუხებს.
საკმარისად მშვიდად მძინავს.

უნდა მაპატიო;
ვერ შემოგინახე,
ვერ მოგიარე,
ვერ მოგიახლოვე,
და მეტიც,
რამდენი ნაბიჯითაც არ უნდა დავიხიო…
მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს.

მაპატიე, რომ მნიშვნელობა აღარ აქვს.
რომ ახლა ,უფრო ვიფერფლები ,ვიდრე გული მიჩუყდება.
რომ ახლა, უფრო კარგი გოგო გავხდი, ვიდრე მაშინ,
თებერვლის ორში,
აეროპორტის გასასვლელში რომ
დავტოვე ბედნიერი გამოხედვა
და ახლა,
როცა ამდენი სასიხარულო ამბავია
და მე,
ვერც ვერაფერი.

მაპატიე, ჩემი მუდმივობის კანონები,
რომ ჩემს, მეტად იზოლირებულ არსებობაში,
შეგრძნებები მუდმივია და არსად ქრება.
რომ მათ შეუძლიათ მხოლოდ ფორმების ცვლილება
და
ახლაც, ამდენი წლის მერე,
შეგრძნებების სერთო სიდიდე უცვლელია.

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>