qqssssssssss

Le vent nous portera

.. გამორთე სინათლე, რაც მთავარია თვალების დახუჭვა არ დაგავიწყდეს.
ასე უფრო მარტივია, წარმოიდგინო.

ჩემი ვერმოყოლილი ამბების სევდა, დღითი-დღე იზრდება. მშიერი ლეკვივით დამყვება აქეთ-იქით და წკმუტუნებს.
ვაგროვებდი ამბებს, ქუჩა-ქუჩა, ფოთოლ-ფოთოლ, მზერა-მზერა, სუნთქვა-სუნთქვა.
მაგრამ ვერ მოვყევი.
როგორც იქნა ჩამოვედი ; ამოვალაგე ისინი ჩემს ბარგთან ერთად. არ ვიცი, ამბებზე და სიტყვებზე მეტი რა უნდა ჩამომეტანა თქვენთვის. ყველასთვის სამყოფი ამბები. ცოტა ჩემზე, ცოტა ქალაქებზე, ცოტა სიცივეზე, ცოტა მონატრებაზე და ბევრი სიყვარულზე.

მაგრამ ვერ მოვყევი.
დღეს – დავწერ.

ნახე?
ხედავ იქ? სექტემბერია.
გაფითრებული სექტემბერი.
სულსწრაფი და მოუთმენელი. ერთი სული აქვს, როდის დასრულდება. თუმცა პროცესი უფრო უყვარს დასრულების, ვიდრე თვითონ შედეგი – სისრულეში მოყვანილი საკუთარი თავი. ათასხუთასი დანაშაულით, ძალით თუ ნებით წართმეული ადამიანებით. დაღდასმული სექტემბერი. ეშაფოტზე გამზადებული ან თუნდაც სუიციდით შეპყრობილი.. მოკლედ, დიდი უსინდისო და მოუსვენარი.
იცის ასე ყურება. არ შეიცოდო. ბატკნის თვალები.
მე არასოდეს მინახავს ბატკნის თვალები, მაგრამ ამბობენ რომ ასე იყურება.
დაე.

ეს? ჩემი ოქტომბერია. ვერ იცანი..
ბევრი ყვითელი ფოთლით.
ჩემი ნება რომ იყოს, მეეზოვის მიერ დახვეტილ ფოთლებს ტბებში ჩავყრიდი და ვაცურავებდი.
მწველი სხივებისგან სისხლგამოწოვილი ფოთლები.


აჰ. ჰო, ეს ნოემბერია.
გალაქტიონის ნოემბერია და ხელშეუხებელი.
კიდევ ბევრი ადამიანის ნოემბერია.
შორს დამრჩნენ ეს ადამიანები და გავჩუმდეთ.


დეკემბერი.
ხმას არ ამოვიღებ.


ცოტა ყველას ჩავეხუტე.. და ცოტას – ყველა ჩახუტება ვაჩუქე, რაც შემეძლო.
ჩემი გემრიელი იანვარი.


პირველი თებერვალი.
გეცინება , არა?! ასეთი სახე იმიტომ, მაქვს რომ აღელვებული ვარ.
ცოტა წამოვიტირე დილით. დილით, იმ ქალმა დამირეკა და მითხრა საკუთარი ხელით შევამოწმებ მტვერი არ იყოსო. ბინა სამ საათზე უნდა დავცალო. ახლა ვზივარ და ერთი სიკვდილით ვკვდები. ყველაფერი ჩემი დასალაგებელია! ეს ხომ ცხოვრებაში არ გამიკეთებია!
..მოდის და მეუბნება, რომ ასეთი მოწესრიგებული სტუდენტი არასდროს ჰყოლია, მადლობას მიხდის.  კიბიდან კონვერტი ჩამოაქვს და მაწოდებს. გარეთ რომ გამოვედი , ცოტა შეღამებული იყო. ვხსნი კონვერტს : ხუთასი ევრო. თავი მოსამსახურე მგონია და ეს ფული ჩემი გასამრჯელო.

ის მატრასი გავყიდე. მაინც არაფერში მჭირდებოდა, შენია და როგორც გინდა ისე მოექეციო.
იტალიელს მივუტანე გაჩერებასთან. ჩემი სახლიდან ათი წუთის სავალზე. სულ ჩემი ხელით მივიტანე. ხან მარცხნიდან მეჭირა, ხან მარჯვენა მკლავით. ხან თავზე/ზურგზე წამოვიგდებდი. მოვდიოდი ასე გაყინულ ქუჩაში და ალბათ, ფიქრობდნენ გიჟიაო ან საერთოდ, რატომ უნდა ეფიქრათ ჩემზე? მაგრამ ეს არ მანაღვლებდა, ცოტას ვტიროდი, მაგრამ მთავარი მიზანი იყო ეს საშინელება მომეშორებინა და საბოლოოდ დაცლილი ყოფილიყო ჩემი ოთახი.

ჰო, არ უნდა დამავიწყდეს. მეგობარს დაბადების დღე აქვს და მე მევალება ორი ადამიანის სახელით მივულოცო. ასეთი ტრადიცია გვაქვს.
არ უნდა დამავიწყდეს !


ორი თებერვალი.
არაფერი მახსოვს.
არა, როგორ არა. ჩემი მეგობრები მახსოვს.. ბევრი სითბო და ჩემი ბათუმი.

იწელება თვეები.
მე დამძიმებული დავბოდიალობ და მეშინია , მეშინია :
/მეშინია. არ გამიგონ , არ დამინახონ, არ შემამჩნიონ.. არ შემიცოდონ./

და კიდევ ერთი :
ლამაზ სიტყვებში მოგუდული სევდა –  ასეთი მინიატურები მაქვს. არ მჯერა, რომ ამაზე დახვეწილად შემიძლია ემოციების გამოხატვა. და საერთოდაც , სანამ ვერ ვისწავლი ვმართო ისინი – ჩემი ნუ შეგეშინდებათ.

არეულად ვიცი წერა,
არათანმიმდევრულად – აი, ჩვენი ტკივილები და ფიქრები რომ იზრდებიან ხოლმე დროსა და სივრცეში- ისე.

ერთმანეთთან ბევრი საუბარი – ეს გადაგვარჩენს.
სიყვარული უფრო ძლიერი იარაღია, მაგრამ იმდენად დიდი ნიჭი უნდა, ყველას ვერ მოვთხოვთ.
მაგრამ ერთმანეთთან საუბარი რომ გვაკლია, სიყვარულიც ამიტომ არის ასე ნაკლებად.

კიდევ იცით რა ვიცი?
რამდენადაც თქვენ შეიძლება გვერდით გყავდეთ ადამიანი “თქვენი სუნთქვა”.. მე შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ თქვენ აუცილებლად შეხვდებით ადამიანს, რომელიც სუნთქვას შეგიკრავთ !

აი, ისე გვაკლია ერთმანეთთან საუბარი –

Comme la pluie nous manque parfois
Comme les forces nous manquent parfois
Comme les pleurs nous manquent parfois
Comme la nuit nous manque parfois . . .’

One thought on “Le vent nous portera

  1. ქიქავა! ახლა გამახსენდა, მაშინ, ქუთაისში რომ მითხარი ნახევრადხუმრობით (როგორც სულ გჩვევია), ჩვენ რომ ვლაპარაკობდეთ, დიდი მეგობრები ვიქნებითო, და გამეცინა. :დ
    აქ, ვებ-სივრცეში ხომ ყველაფრის თქმა უფრო ადვილია, ნაკლებად უხერხული, უფრო გვესმის კიდეც და მეტ მნიშვნელობასაც ვანიჭებთ.. მითუმეტეს, ბლოგზე დაწერილს.
    ჰოდა, დაღლილ-გამოფიტულ-დაცარიელებული დავჯექი და დავუყევი შენს პოსტებს. ემოციები გამომიღვიძა ცოტათი (ასეთ მდგომარეობაში სულ სულ ცოტათიც რომ ბევრს ნიშნავს, იცი ალბათ). და ამის გარდა, გამიძლიერა და ისტერიკაში გადამიყვანა უკვე იმაზე წუხილი, რომ ბლოგზე უკვე ერთი თვეა, არაფერი დამიწერია, და როგორ ძალიან მჭირდება.. იმედია რამეს მოვახერხებ.
    კარგი მოტივატორი ხარ. მადლობა შენ. <3

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>