Le-Col-de-Claudine-by-Eloïse-Heritier

Mai, mais / მაისი ,მაგრამ. 17

“შენს დუმილს სხეულის ყველა უჯრედით ვუსმენ”

მე ზღვის სუნი მიყვარს შენს თითებზე.
თუმცა ბუნდოვნად მახსოვს, როდის მეჭირა შენი ხელები ჩემს ტუჩებთან.
მიყვარს კისერი, რომელსაც წყენისგან მუდამ დაბლა ხრიდი, ამბობდი, რომ დაიღალე.
მიყვარს მხრები, რომლითაც შენს მძიმე ცხოვრებას დაათრევ.
მხრები, რომლითაც  მიდიხარ,ბრუნდები. მხრები მხრებია.
ზურგით დაათრევ შენს და ჩემს მძიმე ცხოვრებას, შენს და ჩემს დარდს, რომელიც ასე ძალიან გიხდება. ჯანდაბა.
რომ შენ ახლა დგახარ გახევებული საკუთარ თავს და საკუთარ სურვილებს შორის.
შენ, რომელმაც წასვლის პასუხისმგებლობა მე მომანიჭე.
შენ, რომელსაც გჭირდება არჩევანი ,რათა შენი პატარა შიშები საკუთარ თავში არ დაგეზარდოს.
თვალები არ გააფართოვონ, ხმა არ ამოიღონ, მეტყველება ვერ ისწავლონ, ვერ გაიარონ. შენ გჭირდება არჩევანი, რომ დაიცვა საკუთარი თავი საკუთარი თავისგან.
დაუდარაჯდი შიშებს, მათ შეუძლიათ დაგისაკუთრონ. იცოდე, რომ ისინი ჩემსავით არასდროს გკითხავენ :
შეიძლება მოვიდე, შეიძლება ჩაგეხუტო, შეიძლება გაკოცო, შეიძლება დავრჩე?!..
არსად გაგექცეს ფიქრები, რომლებიც გიცავენ ჩემი სიყვარულისგან.

მე დარდიანი კაცები მიყვარს.
ფიქრიანი კაცები მიყვარს, რომელთაც ფორმალური სიმშვიდე სახეზე ფუნჯებით აქვთ მიხატული,
ხოლო თვალები საღებავებით დასვრილი წყლით სავსე – გუგები თევზებივით რომ ფართხალებენ.
მიყურებენ სევდისფერი თვალები..
მაღალი, გამხდარი და კეთილი ბიჭის სხეულიდან.
დაჟინებით იციან ტუჩებზე მოშტერება, იქნებ.. იქნებ, წამში ღიმილი გამეპაროს.

მე ყოველ დილით ვსჯი სხეულს.
გამოფხიზლდეს, წამოდგეს, მოწესრიგდეს, გაიაროს, ისუნთქოს.
ჩემი მუხლები დაუღალავად ივლიან. ივლიან გზებზე, რომლებსაც შენამდე მოყვანა შეუძლიათ.

მე ახლა ხელისგულებზე ქვის სუნი მაქვს.
შენ – არ ვიცი.
ხანდახან, მგონია, ვეღარ გავუძლებ. ერთი დღეც ხომ შეიძლება გამითენდეს ისეთი.. ან არ გამითენდეს.
დარდის სხეულებრივი განცდის შესახებ თუ გსმენიათ ; მუცელთან რომ ჩაგაწვება ტკივილი, მუხლები რომ გეკეცება, იდაყვები რომ გეწვის, თითების სახსართან იცის წაჭერა კიდევ.  წერილები რომ არ დაგცდეს. ტუჩებმა იციან მოკუმვა, წუწუნი რომ არ დაგცდეს.
მერე არის წამი – არაფრის ტკივილის.
ოღონდ წამია, რას ვიზამთ.

შენთვის ბედნიერება უნდათ და თავად გართმევენ.
ეგოისტია ადამიანი ! დიდი ეგოისტი.

შენ ხარ შენი არჩევანი.
რომ ახლა..
“მე ვიცი ახლა შენთან რა დროა,
ვინაიდან ეს დროა აქაც..
მონატრება სულ ადვილად გატრიალებს ისევ მის მხარეს
საითკენაც არ უნდა დადგე.?”

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>